ენა ჩვენი ქართული


კაცობრიობის,საერთოდ,ცივილიზაციის ისტორია ნათელი დასტურია იმისა, რომ ენა ყველაზე წმინდა საუნჯეა. „ენა საღვთო რამ არის, მაგას კაცი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოს“ – წერდა ილია ჭავჭავაძე. მართლაც, ენაზე ძვირფასი და წმინდა ძნელად რომ კაცს რაიმე მოეძევებოდეს. ენა ხალხის წიაღში შექმნილი, უხსოვარი დროიდან მრავალი თაობის რუდუნებისა და უსაზღვრო სიყვარულით ნასაზრდოები ფენომენია, რომელშიაც გაცხადებულია ერის სულიერი და მატერიალური ცხოვრების ისტორია.
საუკუნეთა მოწამე ქართული ენა მრავალჟამიერ იდგა ქართველი კაცის სამსახურში, არ სცილდებოდა მას და მასთან ერთად ზეიმობდა ერის გამთლიანებას. მტერი ვერ იტანდა ამ ზეიმს და ჭრიდნენ და ჭრიდნენ საქართველოს სხეულს, თუმცა ქართული ენა უცვლელი რჩებოდა. და მაინც, ენასაც შეეხო ცოდვილი ხელი. ზოგჯერ ნებსით და ზოგჯერ უნებლიეთ, გვავიწყდება, რომ „ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.“ ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა ,დიახ, მოვალე, თავისი ენა კულტად გაიხადოს და  მისი ცოდნა–შესწავლა უპირველეს საქმედ გადააქციოს.
ვის შევჩივლოთ ან ვის გადავაბრალოთ, რომ ჩვენი ენა აგრერიგად შეურაცხყოფილი და დამცირებულია? სხვას ვერ დავადანაშაულებთ! ეს თითოეული ჩვენგანის ბრალია. დღემდე ისე მოვაღწიეთ, რომ ენის სიწმინდე ვერა და ვერ იქცა საყოველთაო ზრუნვის საგნად. პარადოქსია, მაგრამ სიტყვის თავისუფლებამ დააკნინა დედაენა. დაუდევარი დამოკიდებულება ენის მიმართ, გაღარიბებული ლექსიკა და მიუტევებელი გრამატიკული შეცდომები ყველაზე თვალსაჩინოდ ტელეეკრანებიდან ფიქსირდება. ტელევიზიამ და ინტერნეტმა დღეს უდიდესი ძალა შეიძინა. ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, – ის კიდეც აგვაშენებს და კიდევაც დაგვამხობს. ტელეჟურნალისტის ოპერატიულობა, დაჟინებულობა და ზოგჯერ თავხედობაც კი, შეიძლება ხანდახან გამართლებულიც იყოს, მაგრამ უცოდინარობას რაღა ეშველება?! გამოუსწორებელი ზიანი ადგება  ჩვენს ყოფით კულტურას, ტრადიციულ ქართულ მეტყველებას.
მოგიწოდებთ! – ნუ დავაბინძურებთ დედაენის სალაროს, სწორი მეტყველების უპირველეს მასწავლებელს – ქართულ მწერლობას.
ახალმა რეალობამ და ახალმა მიმართულებებმა უცხო ტერმინოლოგიას ფართო გასაქანი მისცა ჩვენს სინამდვილეში. უცხო ლექსიკის, ძირითადად ინგლისურის, ე.წ. „ფრანგლეზების“ მოძალებამ ისეთი დიდი ქვეყანაც კი შეაშფოთა, როგორიც საფრანგეთია. მან საკანონმდებლო საქმიანობა  მოიშველია და მიიღო კანონი მშობლიური ენის დაცვის შესახებ.
საქართველოში „სახელმწიფო ენის დაცვის შესახებ“ კანონზე მუშაობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიმდინარეობდა. მე–20 საუკუნის 90–იან წლებში ენის სახელმწიფო კომისიაც კი შეიქმნა, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო, პროექტის განხორციელება შეფერხდა. ახალმა  ხელისუფლებამ კანონპროექტი პარლამენტიდან გამოითხოვა და მთელი დოკუმენტაცია დაიკარგა.
ქვეყანა, ერი, პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება ერთად უნდა იბრძოდეს ენის სიწმინდის დაცვისათვის. საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, ქართული ენის სიწმინდეს, სავარაუდოდ, ენის ინსპექტორები დაიცავენ.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში უკვე იმსჯელეს ინიციატივაზე, რომელიც ქართული ენის ნორმების დარღვევისათვის მედიასაშუალებებისა და თანამდებობის პირების გარკვეული თანხით დაჯარიმებას ითვალისწინებს. პროექტი ენათმეცნიერთა და იურისტთა ჯგუფმა შეიმუშავა. ეს პროექტი რეალობის გათვალისწინებით შემუშავდა. ქუჩებში წარწერებსა და გარე რეკლამებს რომ გადახედოთ, ვერ გაიგებთ, რომელი ქვეყნის ქალაქში იმყოფებით. ამ საკითხის რეგულირებაც საჭიროა და, შესაბამისად, მასაც სახელმწიფო ენის ინსპექცია გააკონტროლებს.
და ბოლოს, მშობლიური ენის სიწმინდის დაცვისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი.
ჩვენი ნაშრომიც ენის სიწმინდის დაცვას ემსახურება.















Комментариев нет:

Отправить комментарий